რუსეთი და ჩინეთი: ისტორიული ხელშეკრულება ენერგეტიკის დარგში მზადაა, მაგრამ...

რუსეთი და ჩინეთი: ისტორიული ხელშეკრულება ენერგეტიკის დარგში მზადაა, მაგრამ...

სავარაუდოდ მიმდინარე წლის 10 ივნისს რუსეთი და ჩინეთი ხელს მოაწერენ ისტორიულ ხელშეკრულებას რუსეთიდან ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, რომლის მოქმედება 30 წლით არის გათვლილი, იგეგმება ორი გაზსადენის აშენება, რომელთა საშუალებით ჩინეთი ყოველწლიურად 68 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

შედარებისთვის: 2009 წელს ჩინეთმა დაახლოებით 90 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი მოიხმარა. ამ სფეროში ავტორიტეტული წყაროების ცნობით, გერმანიაში მანამდე ერთი წლით ადრე მოხმარებულ იქნა თითქმის 96 მილიარდი კბმ გაზი (ამ რაოდენობიდან 15,3 მლრდ.კბმ საკუთარ საბადოებზე მოდის), ხოლო რუსეთმა 2008 წელს მოიხმარა 416 მილიარდი კბმ. ბუნებრივი აირი.

ჩინეთი, რომელიც არ ფლობს საკუთარი ენერგოშემცველების დიდ რეზერვებს, ახალი გაზსადენების საშუალებით უზრუნველყოფს საკუთარი ენერგომომარაგების შემდგომ დივერსიფიკაციას. ბუნებრივი აირი შეამცირებს მის ძლიერ დამოკიდებულებას ნახშირზე, რომლის საშუალებით იგი თავისი ენერგეტიკული მოთხოვნილების დაახლოებით 70 პროცენტს იკმაყოფილებს. გაზის მოხმარება ნახშირთან შედარებით უფრო მომგებიანია ეკოლოგიის თვალსაზრისითაც - ატმოსფეროში ნაკლები მავნე ნივთიერებები გაიფრქვევა.

ჩინეთის მოთხოვნილებები ენერგეტიკის სფეროში უზარმაზარი ტემპებით იზრდება, ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ეს ქვეყანა მომავალში უფრო აქტიურად გადავა ბიოლოგიური გაზის მოხმარებაზე. მაგრამ მოცემულ ეტაპზე რუსეთთან ხელშეკრულება მას ბევრ პრობლემას მოუგვარებს.

 

თავის მხრივ რუსეთი ამცირებს საკუთარ დამოკიდებულებას დასავლური გასაღების ბაზრისაგან, ჩინეთი საიმედო პარტნიორია, რომელიც ბუნებრივი აირის მოსკოვისთვის მისაღებ ფასად შესყიდვის გარანტიას იძლევა.

ამ ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერდეს პოლიტიკური თანამშრომლობა აზიური მიმართულებით, რუსეთი პარადოქსულად აგრძელებს დასავლეთის თამაშს ირანთან მიმართებით და პრეზიდენტ მედვედევის პირით მან უკვე გამოთქვა თანხმობა გაეროს სანქციების გამკაცრებაზე ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რამაც, ბუნებრივია, ირანელთა განრისხება გამოიწვია - როგორც ხელისუფლების, ისე უბრალო მოქალაქეების. ძნელია ითქვას ცალსახად, ამგვარი უგერგილო დამოკიდებულება ბუნებრივი გეოპოლიტიკური მოკავშირის მიმართ აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმებისგან წარმოშობილმა შიშმა განაპირობა და რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, აშშ და ნატო კომპრომისებზე დაიყოლიოს ამ საკითხში ირანის სანაცვლოდ, თუ კიდევ რაიმე სხვა მოსაზრებები არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი პოლიტიკით, როდესაც მოსკოვი დასავლეთის სასარგებლოდ და თავისთვის სარგებლის გარეშე აბარებს ლიბიას, ირანს, ახლა შესაძლოა, ბელორუსიასაც, იგი მიდის რისკზე, რომ დასავლეთთან კამათში არგუმენტების გარეშე დარჩეს. მოსკოვის ერთადერთ “მოკავშირეებად” ამ შემთხვევაში დარჩებიან აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ნაურუ და ვანუატუ.

ჩინეთი, თავის მხრივ, ძალზე გაერთო კაპიტალისტურ სამყაროში ეკონომიკური “პირველობის” მოსაპოვებლად და ნაკლებ ინტერესს იჩენს მსოფლიოს საკვანძო რეგიონებში პოლიტიკური პრობლემების მიმართ, რაც ასევე ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.