ერთი თვეც არ გასულა სამგლოვიარო დროშების დაშვების შემდეგ და ისევ გლოვა - ამჯერად გაცილებით მასშტაბიანი. არავინ უწყის, კიდევ რამდენჯერ მოუწევს ბედკრულ საქართველოს არასასიამოვნო რიტუალის შესრულება. წინ კიდევ ერთი წელიწადია.
ერთი წლის შემდეგ აშშ-ი და მასთან კოალიციაში მყოფი სახელმწიფოები დაიწყებენ ავღანეთში მყოფი სამხედრო კონტიგენტის გამოყვანას. აშშ-ს ადმინისტრაციის მიხედვით, გამოყვანით კი გამოიყვანენ, მაგრამ არა სრულად. ავღანეთში ათი ათასი სამხედრო მოსამსახურე დარჩება. ისინი არ იქნებიან ფრონტის წინა ხაზზე. ისინი გააგრძელებენ ადგილობრივ სამხედროთა წვრთნას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გვპირდება, რომ ქართველი სამხედროები მოხვდებიან იმათ შორის, ვინც ავღანეთში დარჩება, თითქოს არსებობს გარკვეული შეთანხმება ამერიკა-ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ წრეებთან ანგარიში გაუწიონ ქართული მხარის თხოვნას.
პატრიოტიზმიც ამას ჰქვია - არა სამშობლოს სიყვარულით გამოწვეული, არამედ ამერიკელთა ინტერესების დასაკმაყოფილებელი. საინტერესოა, 2014 წლის შემდეგ, დარჩენილ სამხედრო კონტიგენტს, თალიბთა თავდასხმა აღარ დაემუქრება? და თუ ასეც მოხდა, მაშინაც ისეთი პათოსით ილაპარაკებენ საქართველოს ხელისუფლების გუშინდელი და დღევანდელი წარმომადგენლები, რომ ქართველი მეომრები საერთაშორისო ტერორიზმისგან იცავენ მსოფლიოს?
საქართველოს პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ავღანეთში მყოფი ქართველები სამშობლოს იცავენ“. შორი გზიდან ხომ არ ხდება საქართველოს დაცვა? ივანიშვილმა ისიც ბრძანა, რომ საქართველო უკან არ დაიხევს და გააგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსთვის.
ბატონო ბიძინა! იქნებ, პატარა საქართველოსთვის მთელი მსოფლიოს მშვიდობისთვის ბრძოლა უზარმაზარი, აუწონავი ტვირთია? იქნებ ეს ისეთი ამოცანაა, მთელმა ერმა (ან რამდენი ვართ), იარაღი რომ შეისხას და ავღანეთში იომოს, მაინც არ ეყოს კეთილშობილური მიზნის მიღწევას?
ივანიშვილის ნათქვამი - ჩვენ ვერაფერი გადაგვადგმევინებს ნაბიჯს უკან - პასუხი იყო იმათ განცხადებებზე, რომლებმაც კიდევ ერთხელ თქვეს - საქართველოს სამხედროებს ავღანეთში არაფერი ესაქმებათო.
ხალხში არის ასეთი განწყობა, თანაც ერაყიდან დაწყებული, მაგრამ არც წინა და არც დღევანდელი ხელისუფლება არაფრად აგდებს მას.
შვიდი სამხედროს სიკვდილმა და დანარჩენთა დაჭრამ, უკმაყოფილოთა რაოდენობა ერთი-ორად გაზარდა, მაგრამ მათი ჭკუის სასწავლებლად პარლამენტის თავმჯდომარემ „იმარჯვა“ – „უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე სამყაროს გვერდით უნდა ვიდგეთო“. თანაც გაგვაფრთხილა - „სადმე, სხვაგან დგომა, უფრო მეტი მსხვერპლის მომტანი იქნებაო“. სად სხვაგან, ბატონო დავით?! რომელი მხარე გაქვთ მხედველობაში? მკითხველი მეტყვის, ამას რა დიდი გამოცნობა უნდა - რუსეთიო.
ის, რომ „ეს“ რუსეთია - „მაესტროს“ ეთერში ქალბატონმა ექსპერტმა (გვარი არ დამამახსოვრდა) ბრძანა. რა ბედნიერებაა, როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს - ყოველ წუთს და წამს, ხელს რომ შეაწმენდ.
„შთამბეჭდავი“ იყო პრეზიდენტის გამოსვლაც. რა არ თქვა მან ავღანეთში ქართველ სამხედროთა ყოფნის გასამართლებლად. უპირველესად ის - თუ გვინდა სხვამ ქვეყნად ჩაგვთვალოს, ამერიკა-ნატოსთან უნდა ვიდგეთო და სხვა მსგავსი აბრაკადაბრა. კაცმა რომ თქვას, ამ „პატრიოტული“ სისულელეების მოსმენის ნაცვლად ნამდვილად, სჯობს ავყანეთში ყოფნა.
პრეზიდენტმა ისიც ბრძანა, რომ საქართველოს მეომრები, საქართველოს მომავალს, მის შვილებსა და შვილიშვილებს იცავენ. საქართველოს - რა მოგახსენოთ და თქვენს შვილებსა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას რომ იცავენ - უდავოა.
და როდესაც ესოდენ დიდი პათოსია ჩაქსოვილი პრეზიდენტის, პრემიერის, სპიკერის, მინისტრების „პატრიოტულ“ განცხადებებში, იქნებ ერთხელ მაინც საქმით დაემტკიცებინათ სამშობლოს და მსოფლიოს მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლა. რაღაც არ მახსოვს, ჩვენი ხელისუფლების შვილების, ძმების, ნათესავების ერაყულ ან ავღანურ სადარაჯოზე დგომა. ყველაფერს რომ დასავლეთიდან იღებთ - იქნებ ისიც გადაგეღოთ, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის სამეფო კარიდან - უფლისწულთა ავღანეთში სამსახური?!
ქართველ სამხედროთა ავღანეთში ბრძოლა მხოლოდ ხელისუფალთა სკამის სიმყარეს ემსახურება და არა საქართველოს კეთილდღეობას, მხოლოდ ხელისუფალთა დასავლურ მხარდაჭერას და აქედან გამომდინარე მარადიულ პარპაშს, დროისტარებას, ქვეყნის უმოწყალო ძარცვას და ა.შ.
ცინიკურია თქვენი განცხადება, ისევე, როგორც ციხეში მყოფი მერაბიშვილ-ახალაიას „გულდათუთქული“ განცხადებები, ტელევიზიით გადმოცემული. ღმერთი არ გწამთ? გლოვის დღეს მაინც დაგვინდეთ!
ან რა გლოვის დღეა, როდესაც თითქმის ყველა ტელევიზია სიმღერებით გაჯერებულ სარეკლამო კლიპების გაშვებას ვერ ელევა? სარეკლამო კლიპების გაშვება აუცილებელია, რადგან ფულია - ტელევიზიების შემოსავალი.
ავღანეთში ჯარის გაგზავნაც ხომ ფულია, უფრო სწორად, ვაშინგტონ-ბრიუსელიდან თავზე ხელის გადასმა, რასაც ფული და ზემდგომთა კეთილდღეობა მოაქვს?
ჰამლეტ ჭიპაშვილი