რით განსხვავდებიან დღევანდელები გუშინდელთაგან?

რით განსხვავდებიან დღევანდელები გუშინდელთაგან?

საქართველოს პოლიტიკა შუაგულ ოკეანეში უკომპასოდ დარჩენილ ნავს წააგავს, ვეება ტალღები რომ შთანთქმით ემუქრება, ხოლო ნავის ეკიპაჟი, ნაცვლად საზრიანი კურსისა, სხვა გზას რომ მიჰყვება - ნავზე

მოყუჟული, შიშით და უიმედობით შეპყრობილი მგზავრების საზიანოდ. ასეთი შეგრძნება გეუფლება, როდესაც თბილისის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხარ - მკვეთრად განსხვავებული, თანაც ნეგატიური იმისგან, რასაც ტელევიზია გიყვება - საინფორმაციო გადაცემებში, სხვადასხვა სახის თოქ-შოუებსა და სალაღობო პროგრამებში.

სააკაშვილის ხელისუფლებამ არა მარტო სახლების ფასადები შეღება, არა მარტო ძვირადღირებული სახლები წამოჭიმა, რომელთა ფუნქციაც ჯერაც დაუდგენელია, არამედ „წარმატებული“ სატელევიზიო ცხოვრებაც შექმნა, რომელიც დაბეჯითებით გარწმუნებთ - ის, რასაც ქუჩაში ხედავთ, არარეალურია, რეალური ეს არის, ჩვენ რომ გიჩვენებთ, სიცილ-კისკისით, სიხარულით.

ასე იწყება დილის ყველა გადაცემა, სადაც მთავარი ადგილი აქვს დათმობილი კერძების დამზადებას, ყვავილების მოვლას, ინტერნეტის ამბებს და ა.შ. და უყურებთ კერძის მკეთებელ ქალბატონს (მზარეულს მას ვერ დაარქმევთ - ეწყინება) და მასთან ერთად თანამედროვე ქართველთა პოპულარულ სიტყვა „ცნობად სახეს“ - ძირითადად მომღერალს, მსახიობს და ა.შ. და არის კერძის დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების გრძელი ჩამონათვალი, რომელთა დამახსოვრება საჭმლისმკეთებელ პროფესიონალ დიასახლისსაც გაუჭირდება.

საინტერესოა რისთვის-ვისთვის არის ეს სიუჟეტი? დროის შევსებისთვის? ალბათ. გარდა ამისა - სხვა ტელეკომპანიებსაც (უცხოურს) ხომ აქვთ მსგავსი? რაღაც თვალი არ მომიკრავს. ჩვენ, რა მათზე ნაკლები ვართ?!

თქვენ, პატივცემულო ტელეკომპანიებო, მადიდან გამომდინარე, მათზე ნაკლებობა არ გეტყობათ, მაგრამ ვისთვისაც ამ სიუჟეტს ამზადებთ, უმრავლესობას მუცელი ხერხემალს აქვს აკრული. მათთვის უინგრედიენტო ლუკმა-პურის შოვნაც დიდი პრობლემაა. რა გაეწყობა - სააკაშვილის დროს ჩანერგილი მოჩვენებითი კეთილდღეობა, დღესაც წარმატებით გრძელდება.

გრძელდება, რამეთუ არც ახლები თაკილობენ არარსებულის რეალობად წარმოჩინებას. მათაც უნდათ კარგი ცხოვრება. ვისაც არ აქვს, ტელევიზიიდან უნდა დაანახოს, რომ კარგად ცხოვრობს, უკეთესად, ვიდრე გუშინ ანუ გუშინდელი ხელისუფლების პირობებში. დამაჯერებლობისთვის ხშირად უნდა იმეორო - წინასაარჩევნო კამპანიის დროს რაც დაგპირდით, ყველაფერი შევასრულეთო და ა.შ.

დაპირება კი ბევრი იყო --- ნატო-ევროკავირში შესვლიდან, რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებიდან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიდან დაწყებული, სხვადასხვა გადასახადების შემცირებით და რაც მთავარია, დამნაშავე, ყოფილი ხელისუფლების გასამართლებით დამთავრებული.

საზოგადოება, დღევანდელთა შემყურე, ვერ ეღირსება ან თუ ეღირსება, მხოლოდ ნაწილობრივ, დამნაშავე წინა ხელისუფალთა დასჯას, ვინაიდან ჯერ ერთი, მას ამის არც ძალა და არც სურვილი აქვს. და მეორეც, იმიტომ, რომ მტკივნეულად განიცდის ე.წ. დასავლელი „მოკავშირეების“ ნეგატიურ დამოკიდებულებას ყოფილთა დაკითხვა-დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

ვერც ბიძინა ივანიშვილმა და ვერც მისმა „სანაქებო“ კოალიციამ ვერ გათვალა, რომ ყოფილებთან სამართლიანი ბრძოლა გაუჭირდებოდა. რომ ყოფილებს სალ კლდესავით დაუდგებოდნენ დასავლელი პარტნიორები. რომ თითოეული ნაცის დაპატიმრება სერიოზულ პრობლემად იქცეოდა. კაცმა რომ თქვას, მტკიცე ხელისუფლების პირობებში მსგავსი დასავლური საყვედური ლეკვის წკავწკავად აღიქმებოდა, მაგრამ მტკიცე, რომ არ არის ხელისუფლება?!

მტკიცე რომ არ არის, დღენიადაგ ჩანს თავის მართლებაში და უცხოელთათვის იმის მტკიცებაში, რომ აქლემები კი არა ადამიანები არიან. ხელისუფლება იმასაც ვერ მიხვდა, რომ თავის მართლებით, დასავლელთა განწყობას, ცხადია დადებითს, ყოფილთა მიმართ, ვერა და ვერ შეცვლის. და როდესაც ვერ ცვლი, სხვა გზას უნდა მიმართო. თუ გამოსავალს ვერ პოულობ, ის მაინც გააკეთე - ტელეეკრანებიდან, საკუთარი უსუსურობა ხალხს არ აჩვენო.

1995 წლიდან დაწყებული აშენებდა „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთა დასავლეთთან ურთიერთობას და როდესაც დასავლეთმა ჩათვალა, რომ ის ქვეყნის მართვისთვის მომწიფდა, „ვარდევბის რევოლუციაც“ მოუწყო და დემოკრატიის შუქურის ტიტულიც მიანიჭა - რევოლუციის ლიდერ სააკაშვილს. ამ მრავალწლიანი კავშირის დროს ყველაფერი იყო გამოყენებული - განსაკუთრებით ფული.

სტალინი ამბობდა - „დედამიწაზე არ მოიძებნება ადამიანი, ვისი მოქრთამვა არ შეიძლებოდესო - ფულით, ქალით, საჩუქრებით და ა.შ.“

დასავლეთში უყვართ პატივისცემა და როდესაც პატივისცემის წყარო იკეტება, ცუდად აღიქვამენ ამას. დასავლეთს ისიც ეყო, რომ საკუთარი ზერელეობით, 2012 წლის 1 ოქტომბერი წააგო. მეტ წაგებას არ აპირებს. მეტი წაგება მას ძალიან ძვირი დაუჯდება.

წაგებული დასავლეთი სხვაგვარ გზას დაადგა ანუ დამარცხების აღიარების, მაგრამ სამომავლო გეგმის უცილებელი გატარების. სააკაშვილი და მასთან ერთად მთელი დასავლეთი გაიძახის, რომ საქართველომ უაღრესად დიდი დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა, რაც გამოიხატა 1 ოქტომბრის არჩევნებში. შემდეგ, სააკაშვილმა უყოყმანოდ გადასცა ხელისუფლება გამარჯვებულს. მას არ მოუწყვია საპროტესტო გამოსვლები და არ დაუთხოვია მთავრობა, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა.

დამარცხებულმა დასავლეთმა ნაცთა და მათი ლიდერის უმწიკვლო დემოკრატიული პორტრეტი გამოძერწა. ასეთის დაჭერა გაჭირდება. ასეთის დაჭერას დასავლეთის ომახიანი ყვირილი მოჰყვება. გაუძლებს შემოტევას ახალი ხელისუფლება? ძალიან მეეჭვება.

ის, რაც ამ ეტაპზე ჩანს, ვერ უძლებს. ვერ უძლებს მრავალი ფაქტორის, უპირველესად ეკლექტური კოალიციის გამო. გარდა ამისა, იმის გამოც, რომ საკუთარი კუჭი უფრო ახლოა, ვიდრე „დრომოჭმული“ პატრიოტიზმი, სამშობლოს კეთილდღეობა და სხვა.

ახლები, თანამდებობას დახარბებულები, ისე დაეწაფნენ სკამიდან გამომდინარე, ბედნიერებას, როგორც წინამორბედი ნაცები. და გაჩნდა თანამდებობის მატარებელი ახალი ნათესაობა, ხმამაღალი განცხადებები ამერიკაში საქართველოს მეგობრების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და ა.შ.

ამერიკაში მყოფმა ხიდაშელმა და სხვებმა ტელეეკრანიდან გვაუწყეს, რომ მათმა ვიზიტმა ბევრი მეგობარი შესძინა საქართველოს.

რა ნაცნობი სიტყვებია - 1995 წლიდან რომ გვესმის, მაგრამ საქართველოსთვის სიკეთე რომ არ მოაქვს. ამ სიტყვების სათქმელად ათასობით დოლარი დაიხარჯა შორეული მოგზაურობისთვის. გარდა ამისა, რა ტალეირანობას იჩემებს ხიდაშელი, რომ არც ერთ დელეგაციას არ ტოვებს უყურადღებოდ?

ფანჯიკიძეზე აღარაფერს ვამბობ - საქართველოსთვის უაზრო მოგზაურობების დიდოსტატზე. ის, ამჯერადაც, ხიდაშელთან ერთად „აგვარებს“ საქმეს. არადა გუშინ იქ არ იყო? როგორც ჩანს, რაღაც დაავიწყდა მაშინ და აზრის დასამთავრებლად დაბრუნდა მშობლიურ ამერიკაში. ქუთაისში ყოფნას, უდავოდ, სჯობს ვაშინგტონში სეირნობა, თან იმასაც იტყვი - შენთვის (ქვეყნისთვის) ვზრუნავო.

რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?

ესენიც ისე ჭამენ სახელმწიფო ფულს, ძვირადღირებულ, ქვეყნისთვის არაფრის მომტან მოგზაურობებში, როგორც ისინი. საინტერესოა, ვინმემ იცის, რა ფული შთანთქა წინა ხელისუფლებამ ამ საქმეში? ცხადია, არც არავინ, მათ შორის ხალხმაც, ვისი „ბედნიერებისთვის“ გუშინდელნი და დღევანდელნი, დაოთხილი დარბიან საზღვარგარეთ.

„შესრულებული“ დანაპირებიდან ერთ-ერთი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა. ივანიშვილი შინ და გარეთ იმას გაიძახის, რომ სპეცწარმომადგენელი დანიშნა და აღორძინდა ეკონომიკური კავშირები.

დიახ! ღვინო და ბორჯომი შევიდა რუსულ ბაზარზე, მაგრამ რამდენ ხანს გაძლებს და გაუძლებს თუ არა კონკურენციას - არავინ უწყისს.

სააკაშვილის წყალობით, რუსეთთან ჩასვრილი კავშირების გამოსწორებას ინტენსიური, მრავალწლიანი მოქმედება ესაჭიროება, რასაც სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ აქვს ადგილი - არც პოლიტიკური თვალსაზრისით და არც ეკონომიკურ-კულტურული.

საქართველოსთვის, რუსეთის ბაზარი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, თუნდაც ამერიკული. „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების“ საკითხების დასარეგულირებლად ვართ ამერიკაში“, - ბრძანეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა. კეთილი, მაგრამ რის გაყიდვას ვაპირებთ აშშ-ი? იმ ნაწარმის, ჩანასახშიც რომ არ არის?

საქართველოს ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საზღვრების გადმოწევის გამო, რაც ბუნებრივი და ობიექტურია. მაგრამ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, საჭირო იყო პოლიტიკური მოლაპარაკების დაწყება.

მაშინ, ცხელ გულზე ისიც ითქვა, რომ აბაშიძე, კარასინს ცეცხლს შეუნთებდა, თუმცა, უმალ, საწინააღმდეგოც ითქვა - ეს საკითხი აბაშიძე-კარასინის განსახილველი კი არა - ჟენევის ფორმატისააო. ჟენევაში კი ნახეთ ცეცხლის დანთებაო.

მაშინ, ერთი თვე იყო დარჩენილი ჟენევის შეხვედრამდე. და მქუხარე განცხადებები დროის ფაქტორზე იყო გათვლილი - ერთი თვის შემდეგ ვიღას გაახსენდებაო. და მართლაც ასე მოხდა. ჟენევის შეხვედრა კი შედგა, მაგრამ მერე რა? გულის დასამშვიდებლად ზალკალიანმა გვითხრა - „ჩვენს პარტნიორებს ვუთხარით რუსეთის „ავაზაკობაო“.

ქართული მხარე ვერ მიხვდა - ვიდრე იქნება ჟენევა და მასთან ერთად მაგიდასთან მესამე - არ იქნება რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა. რუსეთი არ არის ისეთი ქვეყანა, ვისთანაც შუამავლის საშუალებით შეიძლება ლაპარაკი. მასთან პირდაპირი ლაპარაკია საჭირო. მაგრამ თუ სალაპარაკო არ გაქვს ან გეშინია ლაპარაკის? მაშინ ისე უნდა მოიქცე, როგორც იქცევი.

ამას წინათ ერთ-ერთმა პარლამენტარმა უმრავლესობიდან, მკაცრი გამომეტყველებით ბრძანა - რამდენ დათმობაზე წავედით, სავაჭრო კავშირებიც აღვადგინეთ და ისინი მაინც ასე იქცევიანო.

ამ პარლამენტარისთვის ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანა რუსულ ბაზარზე, რუსეთისთვის დიდი შეღავათის მიმცემია. იქნებ, პირიქით?! მან ისიც დაამატა, რომ საჭიროა ჩვენი პოზიციის გამკაცრებაო. ამ აზროვნებით აპირებს ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას?

სახელმწიფო რიტორიკის შერბილება და თითზე ჩამოთვლილი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანა ვერ გახდება წინაპირობა ნაცთა და პირადად სააკაშვილის მიერ ჩადენილი ანტირუსული დანაშაულის გამოსწორებისთვის. მას სხვა, უფრო საგნობრივი ნაბიჯები ესაჭიროება, რის გადადგმასაც საქართველოს ხელისუფლება,  ნაცების და დასავლეთის შიშით, ვერ ახერხებს.

შიშს უნდა მივაწეროთ ის ამბავი, რომ ყაზანის უნივერსიადის შესახებ კატეგორიულად სდუმდა ქართული მედია. არადა საქართველოს 75 სპორტსმენზე მეტი იღებდა მასში მონაწილეობას.

ყაზანში გამართული სპორტის ზეიმი მიუწვდომელი გახდა საქართველოს მოსახლეობისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა ქვეყანას იმის საშუალება, რომ ეკრანზე ენახა გრანდიოზული სანახაობა, რასაც ადგილი ჰქონდა ყაზანარენაზე უნივერსიადის გახსნა-დახურვის დროს. ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ყაზანი რუსეთშია. ასეთი პოლიტიკა შორს ვერ წაგვიყვანს, ვერც ტერიტორიებს დაგვიბრუნებს და ვერც ცხოვრებას გაგვიუმჯობესებს.

გვექნება ერთი რამ - გამუდმებული ლაპარაკი ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, შეღებილი ფასადები, ტელევიზიების მიერ შექმნილი ტკბილი ცხოვრება - შესაბამისი სატელევიზიო კერძებით, გაუთავებელი სატელევიზიო გოგო-ბიჭური სიცილ-კისკისით, გვეყოლება თავისუფლებაში მყოფი სააკაშვილი და მისი ნაცები, და მეოცნებე კოალიცია - თავის მართლებით და იმის მტკიცებით, რომ ცხოვრება საამურია.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.