ერდოღანმა მუსლიმთა სოლიდარობა და “ჯვაროსნული ომის” თემა ისევ წინა პლანზე წამოსწია; აპირებს თუ არა თურქეთი ომში ჩაბმას? – რა განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა გრანდიოზულ მიტინგზე

ერდოღანმა მუსლიმთა სოლიდარობა და “ჯვაროსნული ომის” თემა ისევ წინა პლანზე წამოსწია; აპირებს თუ არა თურქეთი ომში ჩაბმას? – რა განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა გრანდიოზულ მიტინგზე
თურქეთის რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლისთავზე (29.10.1923 - 29.10.2023) ამ ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებები იმართება, რომლებიც ღაზას სექტორში განვითარებულმა მოვლენებმა გადაფარა. ამიტომ, შაბათს, 28 ოქტომბერს სტამბულში შემდგარი გრანდიოზული მიტინგი, რომელზეც სიტყვით პრეზიდენტი რეჯეფ ტ. ერდოღანი წარსდგა, ღაზას სექტორის მოსახლეობასთან სოლიდარობას მიეძღვნა.
ერდოღანმა, დასავლეთის ქვეყნებს მიმართა და აღნიშნა: „უკრაინაში დაღუპულების გამო ცრემლებს ღვრიდით, ღაზაში დაღუპული ბავშვებისთვის ხმას რატომ არ იღებთ“?
 
პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ მეორე დღეს აღნიშნავენ რა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს, დღეს თურქები ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დამწუხრებული არიან.
 
„ჩვენ ღაზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დამწუხრებული ვართ. ჩვენ გვაწუხებს ჩვენი ძმების პრობლემები, რომლებმაც გული და თვალები ჩვენსკენ მოაპყრეს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ არა მხოლოდ ვგმობთ ღაზაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას, არამედ ვიცავთ საკუთარ დამოუკიდებლობას და მომავალს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია. რა იყო ღაზა, პალესტინა 1947 წელს, რა არის დღეს? ო, ისრაელ, როგორ მოხვდი აქ? როგორ მოხვდი? შენ ხარ დამპყრობელი, შენ ხარ ორგანიზაცია. ისინი, ვინც გუშინ უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ნიანგის ცრემლებს ღვრიდნენ, დღეს ჩუმად უყურებენ ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს. ყველამ იცის, რომ ისრაელი რეგიონში მხოლოდ პაიკია, რომელსაც მსხვერპლად შეწირავენ, როცა დრო დადგება. რაც შეეხება დასავლეთს, მთელი ძალით უჭერს მხარს ისრაელს. ო დასავლეთო, მე გიხმობ შენ. გინდა ისევ დაიწყო ნახევარმთვარე-ჯვაროსნული ლაშქრობა? თუ თქვენ ამას ცდილობთ, იცოდეთ, რომ ეს ერი არ მომკვდარა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ისრაელი მსოფლიოში ომის დამნაშავედ გამოვაცხადოთ“.
 
ძალიან ნიშანდობლივი განცხადებაა, რომელიც რამდენიმე ასპექტით საქართველოსთვის უნდა იყოს საინტერესო - უფრო მეტად საინტერესო, ვიდრე შარლ მიშელის "12 პუნქტია".
 
ერდოღანი ამბობს, რომ მუსლიმებს მხარს დაუჭერს, "სადაც არ უნდა იყვნენ ისინი". ესე იგი, ეს არა მარტო ისრაელში მცხოვრებ მუსლიმებს ეხება, არამედ სხვა რეგიონებსაც, სადაც პოტენციურად, შესაძლოა, მოხდეს კონფლიქტი ისლამურ რელიგიურ უმცირესობასთან.
მეორე, იგი თითქოს უგულებელყოფს ისრაელის ფაქტორს, რომელიც დასავლეთის ხელში პაიკი კი არ არის სინამდვილეში, არამედ თავად ისრაელი ახდენს უზარმაზარ გავლენას დასავლეთის წამყვან სახელმწიფოზე - შეერთებულ შტატებზე. შესაბამისად, ერდოღანს უფრო ისრები გადააქვს ისრაელიდან დასავლეთზე, რათა ქვეტექსტით დაასაბუთოს, რომ ისრაელთან ომის დაწყება დასავლეთთან ომის დაწყებას ნიშნავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერდოღანი არ აპირებს თურქეთის ჩართვას რეგიონულ ომში, ღაზის გულისათვის.
 
მესამე. ერდოღანი უაღრესად არაგულწრფელია როგორც "ჯვაროსნების", ისე  უკრაინის შემთხვევაშიც. თუკი მას არ სურს "ჯვაროსნების" გაძლიერება, რატომ უჭერს მხარს კიევის რეჟიმს? რატომ გაუხსნა გზა ჯერ ფინეთს, ახლა კი უკვე შვედეთს, ნატოსკენ? ამიტომ, სავარაუდებელია, რომ ერდოღანი მეტად "აქუხებს", ვიდრე "აწვიმებს". ეს, რა თქმა უნდა, დასავლეთთან მიმართებით, თორემ საქართველოსნაირ ქვეყანას ეს მუქარები პირველ რიგში აუხდება, როდესაც კი მას ამის საშუალება მიეცემა. ამჯერად ერდოღანს, მართალია, ბათუმი და მესხეთი არ უხსენებია, მაგრამ შეახსენა თურქებს, რომ "სულ რაღაც ასიოდე წლის წინ", ღაზა თურქეთის ისეთივე ნაწილი იყო, როგორც ამჟამად უცხოეთის ქალაქები ალეპო, მოსული და სკოპიე ან როგორც ნებისმიერი ქალაქი, რომელიც ამჟამად თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
 
გარდა ამისა, ერდოღანმა ყარაბაღიც ახსენა - მუქარის სახით:
 
”მე მოგმართავთ, დასავლეთს: გსურთ ახალი დაპირისპირების გაღვივება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის? თუკი თქვენ ხართ ასეთ ძიებაში, იცოდეთ, რომ ეს ხალხი არ არის მკვდარი. ეს ხალხი მყარად დგას ფეხზე. დაე იცოდეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ისეთივე მტკიცენი ვრჩებით, როგორც ლიბიასა და ყარაბაღში ვიყავით!“
 
ეს იმის დასტურია, რაც ზემოთ აღვნიშნეთ - ერდოღანი დასავლეთს ვერ მოერევა, მაგრამ სადაც კი ამის საშუალება ექნება, თავის უპირატეს ძალას, ამა თუ იმ ფორმით, იქ გამოიყენებს.
 
საქართველოს მეტი სიფხიზლე და საგარეო პოლიტიკის ძირეული შეცვლა სჭირდება - თურქეთიდან მომდინარე საფრთხე იზრდება.
 

გულბაათ რცხილაძე

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.